მამუკა ხანთაძის ბლოგი

წიგნის ხელოვნების სკოლა

კონტაქტი

+995 577 412182

ინფორმაციული ცოდნა 21-ე საუკუნეში

ერთი შეხედვით ინტერნეტში ყველაფერია, ისეთი ინფორმაციაც კი, რომელიც ციფრულ ეპოქამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა. უზარმაზარი ციფრული ბიბლიოთეკები, ათასგვარი ვიდეოები youtube-ზე და თუ გაქვთ ინტერნეტთან წვდომა, შესაძლებელია გადააწყდეთ ძალიან სპეციფიურ ინფორმაციას, მაგალითად ისეთს როგორიცაა მე-18 საუკუნეში, პარიზში მცხოვრები, უცნობი ბარონის დღიურს ან რომელიმე ჰოლივუდელი ვარსკვლავის მამის ფოტოს კოლეჯში სწავლის დროს. მაგრამ ხშირად, როცა ვეძებთ კონკრეტულ ინფორმაციას, ვხვდებით, რომ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი ყოველთვის ვერ აგვარებს  პრობლემას.

კომპიუტერული და ინფორმაციული ცოდნა ორი სხვადასხვა რამ არის. კომპიუტერული ცოდნა ნიშნავს, სხვადასხვა ამოცანების გადაჭრას კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით. ინფორმაციული ცოდნა კი გულისხმობს ინფორმაციასთან მუშაობის უნარს ზოგადად: ინტერნეტში, ბიბლიოთეკაში თუ პრესაში. ასე, რომ მართალია ხშირად, ამ ორ ცნებას ერთად ახსენებენ პოპულარულ სტატიებში, სრულიად შესაძლებელია საერთოდ არ გადაიკვეთონ ერთმანეთი. თუ მოვიშველიებთ საერთაშორისო განმარტებას, ინფორმაციული ცოდნა ეს არის – ადამიანის უნარ-ჩვევა გაიაზროს მოთხოვნილება ინფორმაციაზე, შესაძლებლობა ეფექტურად მოიპოვოს ის, გააანალიზოს და გამოიყენოს.

დღეს, საერთოსტატიკური მომხმარებლისთვის, ინფორმაციის ნაკადი სულ უფრო იზრდება, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს მას თუ არა. ამ ნაკადში მუშაობის შესაძლებლობა ძალზედ მნიშვნელოვანია, თუნდაც არადროს გქონდეთ მანამდე სამეცნიერო სტატია დაწერილი ან არასდროს ყოფილხართ ბიბლიოთეკაში.

ინფორმაციული ცოდნა (განათლება) – ერთ-ერთი უმთავრესი კომპეტენციაა, რომელიც უნდა განავითაროს ბავშვში თანამედროვე სკოლამ და სასკოლო სტანდარტმა. თუმცა ამის ფორმირება არ ხდება არც ინფორმატიკის გაკვეთილზე და არც საგნობრივ გაკვეთილებზე. მიიღო რა დავალება მოწაფემ და დარჩა რა ერთი-ერთზე საძიებო სისტემასთან მას უჩნდება ერთადერთი კითხავ – საიდან დავიწყო?

Google-ს რეკომენდაციები ასეთია:

-დაწერეთ ფურცელზე საძიებო თემის მთავარი სიტყვა;

-ჩამოაყალიბეთ კითხვა, რომელიც არც ძალიან დიდი იქნება და არც ძალიან პატარა;

-ჩამოთვალეთ ინფორმაციის მოძიების ყველა შესაძლო რესურსი: სპეციალური ვებ-გვერდები, გამოწერები, საექსპერტო ბლოგები და ასე შემდეგ;

-გააკეთეთ ზედაპირული ძებნა, დარწმუნდით, რომ აღნიშნულ რესურსებზე არის ინფორმაცია თქვენი თემის გარშემო;

-თუ საჭიროა შეცვალეთ კითხვის ფორმულირება;

-დაიწყეთ სიღრმისეული ძიება; ამასთან გაანალიზეთ მიღებული ინფორმაცია და დარწმუნდით მის ნამდვილობაში;

-შეინახეთ მოძიებული ინფორმაცია წყაროების მითითებით.

ინფორმაციული ცოდნის განვითარებასთან ერთად, რამდენიმე პუნქტის შესრულება ავტომატურად ხორციელდება. საძიებო სისტემებიც უფრო „ჭკვიანდებიან“.

კითხვის ჩვევა

დამწერლობის წარმოშობა და შესაბამისად კითხვის თვისების გამომუშავება განსაკუთრებული მომენტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. მკითხველი ადამიანი (Homo legens) რამდენიმე ათასწლეულია უკვე არსებობს: თავიდან მნემონიკური ნიშნები, პიქტოგრამები, პეტროგლიფები რომლებიც დასრულებულ აზრს გამოხატავდნენ; შემდეგ შუმერული, ეგვიპტური, ხეთური და სხვა დამწერლობები; შემდეგი საფეხური – მარცვლოვანი ტიპის დამწერლობები: ლურსმლური(ძველსპარსული, აქადური და შუმერულის სხვა შთამომავლები), დასავლეთსემიტური (ძველეგვიპტური იეროგლიფების გაგრძელება) და 2 იაპონური მარცვლოვანი სისტემა (ჩინური დამწერლობიდან წარმოქმნილი); და ბოლოს გრაფიკული ევოლუციის გვირგვინი – კონსონენტური დამწერლობა, ანბანური დამწერლობის დედა. მიუხედავად ანბანური დამწერლობის აბსოლუტური დომინანტისა დედამიწაზე, პიქტოგრამები დღემდე გამოიყენება ჩვენს ცხოვრებაში, მაგალითად ბოკალის გრაფიკული გამოსახულება შეფუთვაზე აღნიშნავს, რომ ყუთში მსხვრევადი ნივთია.

ზეპირსიტყვიერების შემდეგ, ინფორმაციის კოდირების შესაძლებლობა სიმბოლოებში, შემდეგ მათი დეკოდირება და გადაცემა, უმთავრესი ნაბიჯია დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად. კითხვის უნარი ხშირად იყო პოლიტიკური, სამეცნიერო თუ კულტურული რევოლუციების მიზეზი.  წერილობითი და გამოსახულებითი ინფორმაციის  რაოდენობა, რომელსაც დღის განმავლობაში,  „გავატარებთ“ ჩვენში, ხშირად იმაზე დიდია ვიდრე კაცობრიობის ისტორიის პირველ ათასწლეულებში შეიქმნა. ჩვენ უზომოდ მდიდრები და თავისუფლები ვართ, სწორედ კითხვის უნარის გამო. და ამის მიუხედავად, დამწერლობის მრავალათასწლოვანი ისტორიის მიუხედავად, რაღაც მიზეზების გამო, იოლად ვამბობთ უარს მხატვრული ლიტერატურის კითხვაზე.

როცა არ კითხულობენ უფროსები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დაფიქრებული გადაწყვეტილებაა, გამოწვეული კონკრეტული ადამიანის ცხოვრების სტილითა და მის გარშემო ჩამოყალიბებული ვითარებით (თუმცა ეს გამართლება არ არის). კითხვისადმი ინტერესი შეცვალა თავისუფალი დროის გატარების სხვა საშუალებებმა : კინო, ტელევიზია, ინტერნეტი. და ხშირად როცა ასეთ ადამიანს ეკითხებიან რატომ არ კითხულობო, პასუხობს – დრო არ მაქვსო. ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა და ძნელია აუხსნა ადამიანს განსხვავება უბრალოდ მიღებულ ინფორმაციასა და მხატვრული ტექსტის კითხვისას მიღებულ სიამოვნებას შორის. და დარწმუნებული ვარ ასეთი ახსნა ბავშვობაში უნდა მოხდეს. სწორედ ბავშვობიდანვე უნდა ჩაისახოს კითხვის ჩვევა.

თუმცა აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით. ბავშვები ხშირად ამბობენ, და მათი მშობლები და მასწავლებლები იმეორებენ, რომ კითხვა ძალიან სასარგებლო და აუცილებელი რამ არის, თუმცა მათ არ აქვთ კითხვის სურვილი. ეს სურვილი შესაძლოა გააქრო განათლების ცუდმა სისტემამ, ძალდატანებამ, წიგნების არასწორად შერჩევამ, მშობლების ცუდა მაგალითმა, სწრაფი კითხვის ჩვევის უქონლობამ. კიდევ ერთი ნიშანდობლივი პრობლემაა, ისეთი ლიტერატურა (რთულია ამას ლიტერატურა უწოდო) სადაც მასალა გადმოცემულია მოკლე ჩანაწერების, დაიჯესტების სახით, სადაც ბავშვის მაგივრად უკვე ათასჯერ იფიქრეს. ამ პრობლემათა დიდ ნაწილს ძალიან კარგად „ებრძვის“ წაკითხული წიგნის განხილვა: ინფორმაციის გაცვლა განცდებზე, გმირებზე, ახალ ფრაზებსა თუ სიტყვებზე, ეპოქასა და თუ სივრცეზე. სწორედ ამ დროს უნდა ვუამბოთ ბავშვებს იმის შესახებ, რომ წიგნით შექმნილი ატმოსფერო აიძულებს ჩვენს შინაგან მხედველობას იდენტიფიცირება გაუკეთოს მსგავსებას საკუთარ „მე-სა“ და ნაწაროების გმირს შორის, მსგავსებას ქმედებებსა და ქცევებს შორის. ამიტომ არის აუცილებელი წიგნის სრულად წაკითხვა, არავინ იცის სად „აღმოაჩენს“ ბავშვი საკუთარ თავს.

არსებობს ერთი მიდგომა: განათლების მისაღებად, საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად, სამსახურის მისაღებად ან კარიერისთვის, უბრალოდ ინტელექტუალური კამათებისთვის აუცილებელია ერუდიცია, ანალიზის უნარი, ფაქტების კონსტატაცია, არასტანდარტული აზროვნება… ეს ყველაფერი კი, სამეცნიერო, სასწავლო, პროფესიული ლიტერატურის კითხვით შეიძლება მიიღო. თუმცა არსებობს მეორე მიდგომაც და მე მას ვემხრობი. პრაგმატული მიდგომა  რამდენიმე უმნიშვნელოვანეს რასმეს გვაკარგვინებს -სულიერ განვითარებას, თანაგრძნობას, ზნეობრიობას. ბავშვისთვის აუცილებელია გაერკვას ცხოვრებისეულ ღირებულებებში, ქმედებებსა და ქცევებში ამოიკითხოს ადამიანთა ხასიათი მათი გრძნობები, შესძლოს წარმოსახვის განვითარება.

ნორმალურ ადამიანს სჭირდება, ცხოველური ინტერესით წაკითხული წიგნი, არა რომელიმე ამოცანის გადასაჭრელად, არამედ მხოლოდ „თავისთვის“, მხოლოდ საკუთარი გულისა და გონებისთვის.

წიგნის პოლიტიკა

როცა წიგნიერებაზე საუბრობენ, ორი რამ მახსენდება – ილია ჭავჭავაძის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და პინქ ფლოიდის „კედელი“.  ერთი, როგორც განათლებული საზოგადოებისკენ მიმავალი მძიმე გზის სიმბოლო  და მეორე, როგორც  საქართველოს მთავრობ(ებ)ის სიმბოლო ამ გზაზე.

შესაძლოა, გამომცემლის პოზიცია წიგნის სახელმწიფო პოლიტიკის საკითხზე ვინმემ სუბიექტურად მიიჩნიოს, მაგრამ რა ვუყოთ კაცობრიობის ისტორიაში გენიოსებად შერაცხულ ადამიანთა მოსაზრებებს ამ საკითხზე. და საერთოდაც, წიგნის მნიშვნელობაზე საუბარი და რაიმე ახსნა-განმარტების მიცემა ამასთან დაკავშირებით მკრეხელობად მიგვაჩნია 21-ე საუკუნეში. თუმცა რამდენიმე ფაქტის მოხმობა მაინც მომიწევს სწორედ ამ სუპერინფორმაციულ საუკუნეში „მოღვაწე“  ქართველი ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსებისთვის.

უპირველეს ყოვლისა, რა არის წიგნი? 

სალექსიკონო განმარტებით – წიგნი –  1. ადამიანის ნაფიქრ-ნააზრევის შენახვისა და გადაცემის საშუალება დროსა და სივრცეში რაიმე გამძლე მასალაზე დაფიქსირებით. 2. არაპერიოდული, ჩვეულებრივ, ნაბეჭდი ტექსტის შემცველი ერთად აკინძული ფურცლები, გამოცემა, რომლის მოცულობა აღემატება 48 გვერდს; ფართო მნიშვნელობით – დამწერლობის, გრაფიკის, კარტოგრაფიის ნაწარმოებთა დაფიქსირებისა და გადაცემის საშუალება დროსა და სივრცეში. წიგნი  წარმოადგენს ინფორმაციის, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის მნიშვნელოვან წყაროს, პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის იარაღს. („საგამომცემლო განმარტებითი ლექსიკონი“, ვ.დოხნაძე, 252 გვ., გამომცემლობა „აზრი“, 2001 წელი). მაგრამ ამასთან, წიგნს, როგორც კომუნიკაციის საშუალებას, სულიერ, საგანმანათლებლო და კულტურულ მნიშვნელობასთან ერთად ინდუსტრიულ-კომერციული ასპექტებიც აქვს. ამ ორი ფაქტორის გაერთიანების შედეგი პარამეტრთა კომპლექსური სისტემაა, რაც წიგნის უნიკალურობას განაპირობებს.

ვინ ამზადებს წიგნს?

წიგნს ამზადებს (ანუ გამოსცემს) გამომცემელი (Publisher, Издатель). გამომცემელი ასრულებს სამ ძირითად ფუნქციას:  1. იგი წყვეტს, თუ რა წიგნი გამოსცეს; 2.აფასებს ამ გადაწყვეტილებასთან არსებულ ფინანსურ რისკებს; 3.ორკესტრის დირიჟორის მსგავსად, ახდენს ყველა იმ პირის საქმიანობის კოორდინაციას, ვინც წიგნის წარმოებაში მონაწილეობს – ავტორი, მთარგმნელი, ილუსტრატორი, დიზაინერი, რედაქტორი, კორექტორი, სტილისტი, მესტამბე, ამკინძველი, რეკლამის სპეციალისტი, დისტრიბუტორი და სხვ. გამომცემელი არის ჰიბრიდი, როგორც კენტავრი: ერთი მხრივ, იგი განათლებული პიროვნებაა, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე კულტურულ ცხოვრებას; ამასთანავე, იგი ბიზნესმენია, რომელიც აგვარებს დაფინანსების, ინვესტიციებისა და მოგების პრობლემებს. ამიტომაცაა წიგნის გამოცემა ასეთი მრავალმხრივად რთული  და ნიუანსებით სავსე. გამომცემელი თითქმის ყოველთვის იტოვებს უფლებას ( და ეს უფლება მას სიამოვნებას ანიჭებს), განსაზღვროს წიგნის ფორმა, კომპოზიცია, დაკაბადონება, ილუსტრაცია; იგი არჩევს შრიფტსა და ქაღალდის ხარისხს – მოკლედ, ყველაფერს, რაც წიგნის საბოლოო სახესა და ფასს განსაზღვრავს.

დაბოლოს, რა არის წიგნის სახელმწიფო პოლიტიკა.

წიგნის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ წიგნები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამის მისაღწევად კი გათვალისწინებული უნდა იყოს კულტურულ, ინდუსტრიულ და კომერციულ ურთიერთობათა კომპლექსური ჯაჭვი, რომელიც ავტორსა და მკითხველს ერთმანეთთან აკავშირებს. წიგნისა და კითხვის პოლიტიკის ფორმულირებისთვის საჭიროა: ცალკეული ამოცანის იდენტიფიცირება და მოწესრიგება, რაც ამ ჯაჭვში თითოეული რგოლის სპეციფიკიდან გამომდინარეობს; ქვეყნის მდგომარეობის გათვალისწინება; საგანმანათლებლო და კულტურულ პოლიტიკათა შორის წონასწორობის ფაქიზი დაცვა; საგამომცემლო სექტორის ინდუსტრიული განვითარება. ერთი მხრივ, წიგნის პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფოს კულტურულ პოლიტიკას და მეორე მხრივ, წიგნის წარმოებისა და დისტრიბუციის ინდუსტრიას, როგორც ეკონომიკურ კატეგორიას.

რეალური სურათი ჩვენთან.

ერთი შეხედვით, ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. არსებობს კულტურის სამინისტროს მთარგმნელობითი პროგრამა, რომელიც ქართული ლიტერატურის უცხოეთში პოპულარიზაციას ისახავს მიზნად; არსებობს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი (მისი მიზნები და ამოცანები დიდწილად პირდაპირ კერძო სექტორის   საქმიანობათა დუბლირებაა და აუცილებელ კორექციას მოითხოვს); არსებობს მწერალთა სახლი, სადაც უფასოდ იმართება წიგნების პრეზენტაციები; არსებობს სხვადასხვა მოკლევადიანი პროგრამა. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ანტურაჟია. მხოლოდ ზედაპირული მიდგომაა.

აბა, რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოში არც ერთი გამომცემელი არ არის შეყვანილი; რომ თავიდან, რამდენიმე  ხნის წინ შექმნილ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ ჯგუფში ვერც ერთი  გამომცემელი ვერ მოხვდა, მხოლოდ უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად მიაღწიეს ამას კოლეგებმა; რომ სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ საქართველოს კანონის მიღებისას  გამომცემლებს საერთოდ არ ჰკითხეს აზრი მათსავე პროდუქტის შესახებ  (პარლამენტმა ფაქტობრივად საბჭოთა კანონი მიიღო, სადაც საკუთრების ფორმა მთლიანად უგულებელყოფილია); რომ განათლების სამინისტრომ უაპელაციოდ და, შეიძლება ითქვას, თავხედურად შეზღუდა გამომცემელთა კონსტიტუციური უფლება საკუთრებაზე; რომ კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჩინოვნიკების (2013 წ.) გამოისობით ჩავარდა 3 წლის განმავლობაში მომზადებული, 150.000 ევროს ღირებულების, პროექტი  ცენტრალიზებული სადისტრიბუციო ქსელის შექმნის შესახებ (ჰოლანდიელი პარტნიორები ძალიან გაოცებულნი დარჩნენ ამ ფაქტით); რომ წლების განმავლობაში  გამომცემელთა მიერ შექმნილი და ფეხზე დაყენებული საერთაშორისო პროექტები უბრალოდ ჩამოერთვათ მათ (ეს ეხება ლონდონისა და ლაიფციგის წიგნის ფესტივალებს); რომ წლიდან წლამდე მზარდი და გამრავალფეროვნებული თბილისის წიგნის ფესტივალის ბიუჯეტს ამცირებენ (ფესტივალი იზრდება, გამოყოფილი თანხა კი იგივე რჩება) და კიდევ ბევრი რომ.  არადა, აგერ უკვე 20 წელიწადია, გამომცემლები ზედმეტი ხმაურის გარეშე ინდუსტრიას ქმნიან. ქმნიან დიდებულ წიგნებს, ყოველდღიურად ახარებენ მკითხველს. და ყველაფერი ეს უზარმაზარი ძალისხმევის ფასად, ძალისხმევისა, რომლის დიდი ნაწილი სწორედაც რომ სახელმწიფოს მიერ დადებული სარმების გადალახვას  ემსახურება.  სინამდვილეში სურათი კიდევ უფრო მძიმეა. კულტურის სამინისტროში მცირე  რამ მაინც ხდება (თუმცა მისი აქტივობა უსისტემოა და ზოგად პოლიტიკას ვერ ქმნის), რასაც ვერ ვიტყვით სხვა სამინისტროებსა თუ სახელმწიფო სამსახურებზე. წიგნის პოლიტიკის სრული სიმძიმე კულტურის სამინისტროსა და მის სსიპ-ებზეა „აკიდებული“.

გამოსავალი.

წიგნის პოლიტიკის კონკრეტულ ფორმაში ჩამოყალიბების ყველაზე ეფექტიანი გზა  შემადგენელი ელემენტების ერთ იურიდიულ ინსტრუმენტად შეკვრაა. ასეთი ინსტრუმენტი წიგნის შესახებ კანონია.თავისთავად, პოლიტიკა, განსაზღვრების თანახმად, კეთდება უმაღლეს სახელმწიფო დონეზე კულტურული და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიმღებთა მიერ, წიგნის სექტორის მენეჯმენტთან კონსულტაციის გზით. პოლიტიკური სურვილი, რომ საგამომცემლო სექტორი განვითარდეს, იურიდიულ ვალდებულებაში უნდა აისახოს.

სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი წიგნის სახელმწიფო პოლიტიკის მახასიათებელია და გარკვეულწილად მისი წარმატების აუცილებელ პირობას წარმოადგენს (რაც არ ესმით ჩინოვნიკებს). სექტორის შეფასების შედეგებიც კი, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა საფუძვლის ფორმირებას ახდენენ, არსებულ სიტუაციას ნათელს ჰფენენ იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ნდობა და თანამშრომლობა არსებობს.

და კიდევ  ერთი  იდეა.

წიგნის შესახებ კანონი შესაძლოა გახდეს წიგნის ეროვნული საბჭოს  დაარსების წინაპირობა. საბჭო უნდა შედგებოდეს ერთი მხრივ – წიგნის სექტორის წარმომადგენელთაგან და, მეორე მხრივ – სახელმწიფო ორგანოებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წიგნის პოლიტიკაზე. ამ საბჭომ უნდა იმოქმედოს, როგორც მრჩეველთა ორგანომ. უნდა უზრუნველყოს საზოგადოებისა და კერძო სექტორების მუდმივი კავშირი და შეინარჩუნოს მოქნილობა, რათა ქვეყნის ცვალებად ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას მოერგოს.

თუ სასწრაფოდ არ იქნა გადამჭრელი ზომები მიღებული, 2018 წლის შანსი, ქართული წიგნისა და ზოგადად კულტურის პოპულარიზაციისა მსოფლიოში რამდენიმე ათწლეულით გადაიწევს.

მაგრამ რად გინდა… შეაყარე წიგნი კედელს.

რეკომენდაციები წიგნის სექტორის კვლევასთან დაკავშირებით

ბოლო რამდენიმე წელიწადია საქართველსო წიგნის სექტორი განიცდის ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედებას. მათ შორის აღსანიშნავია ზოგიერთი მათგანი:

  • კითხვისადმი ინტერესის ვარდნა;
  • წიგნის მაღაზიების სიმცირე;
  • საბიბლიოთეკო ქსელის სიმცირე და მათი არაპროფილური ინფრასტრუქტურა;
  • პირატული ფაილები ინტერნეტსა და შავ ბაზარზე;
  • თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის არქონა;
  • საავტორო უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები.

მიუხედავად ამისა წიგნის სექტორი ვითარდება თუმცა ამის ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.

საქართველოს წიგნის სექტორის კვლევა აუცილებელი წინაპირობაა ფრანკფურტი 2018-ისთვის მზადების ციკლში და დიდწილად განსაზღვრავს  მისი წარმატებისათვის გადადგმული ნაბიჯების სისწორეს.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, წიგნის სექტორის სრულყოფილი კვლევა არასდროს მომხდარა, თუმცა იყო რამდენიმე აქტივობა, რომელიც ვერ ჩაითვლება ყოვლისმომცველ და სიღრმისეულ კვლევად და მხოლოდ ზედაპირულ წარმოდგენას თუ შეგვიქმნის ინდუსტრიის შესახებ.

წიგნის სექტორის ანალიზისთვის კვალიფიციური კვლევის და შესაბამისად სტრატეგიისა და ტაქტიკის დასახვისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ასეთი კვლევის მრავალჯერადობა ანუ  დაკვირვებისა და ანალიზის დინამიკაა.

ვის მონაცემებს უნდა დაეყრდნოს კვლევა?

  • გამომცემლობების;
  • წიგნით მოვაჭრეების;
  • პროფესიული ასოციაციის;
  • ეროვნული ბიბლიოთეკისა და სხვა ბიბლიოთეკების;
  • ISBN – ის ეროვნული სააგენტოს;
  • სტატისტიკის კომიტეტის;
  • საგადასახადო და საბანკო ორგანიზაციების;
  • სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციების;
  • სასწავლო ორგანიზაციების;
  • სხვადასხვა ორგანიზაციების, რომლების გამოსცემენ წიგნებს.

რას მონაცემებს უნდა შეიცავდეს სექტორის კვლევა?

ორი უმთავრესი მონაცემი არის:

  • გამოცემათა (დასახელებათა) წლიური რაოდენობა;
  • გამოცემათა წლიური ტირაჟი;

ამას გარდა აუცილებელი გამოსაკვლევია:

  • პროფესიული საგამომცემლო ორგანიზაციების რაოდენობა და პრიორიტეტები;
  • პროფესიული წიგნით მოვაჭრე ორგანიზაციების რაოდენობა და პრიორიტეტები;
  • არაპროფესიული საგამომცემლო ან წიგნით მოვაჭრე ორგანიზაციები და მათი პრიორიტეტები;
  • ახალ გამოცემათა რაოდენობა და ტირაჟი;
  • ხელახალ გამოცემათა რაოდენობა და ტირაჟი;
  • სერიულ გამოცემათა რაოდენობა და ტირაჟი;
  • თარგმნილ გამოცემათა რაოდენობა და ტირაჟი;
  • სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემათა რაოდენობა და ტირაჟი;
  • სასწავლო (სახელმძღვანელო) ლიტერატურის გამოცემათა რაოდენობა და ტირაჟი;
  • საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის გამოცემათა რაოდენობა და ტირაჟი;
  • მხატვრული ლიტერატურის გამოცემათა რაოდენობა და ტირაჟი;
  • კულტურისა და სახელოვნებო ლიტერატურის გამოცემათა რაოდენობა და ტირაჟი;
  • ელექტრონული გამოცემების რაოდენობა;
  • ადგილობრივი და თარგმნილი ლიტერატურის წილობრივი რაოდენობა ჟანრების მიხედვით;
  • TOP ათეული ქართველი ავტორები მხატვრულ ლიტერატურაში;
  • TOP ათეული ქართველი ავტორები არამხატვრულ ლიტერატურაში;
  • TOP ათეული უცხოელი ავტორები მხატვრულ ლიტერატურაში;
  • TOP ათეული უცხოელი ავტორები არამხატვრულ ლიტერატურაში;
  • ლიტერატურული კონკურსების ფინალისტებისა და ლაურეატების სტატისტიკა, ასევე მათი გაყიდვების დინამიკა და ტირაჟები;
  • ელექტრონული წიგნების წილობრიობა გამომცემლობათა ბრუნვაში;

სექტორის სისტემური კვლევის ინდიკატორები (გამომცემლობა):

  • გამომცემლობების საერთო რაოდენობა;
  • მათ შორის აქტიური გამომცემლობების რაოდენობა;
  • იმ გამომცემლობების რაოდენობა, რომლების გამოსცემენ 5 და მეტ წიგნს წლის განმავლობაში;
  • გამომცემლობათა რანგირება საგამომცემლო პრიორიტეტების მიხედვით;
  • გამომცემლობების მიერ გამოცემული წიგნების კუთრი წილი ქვეყანის ყველა გამოცემებთან მიმართებაში;
  • საგამომცემლო ბაზარზე მთავარი მოთამაშეების რანგირება გამოცემათა რაოდენობს მიხედვით;
  • საგამომცემლო ბაზარზე მთავარი მოთამაშეების რანგირება გამოცემათა ტირაჟების მიხედვით;
  • რეგიონალური გამომცემლობების წილი საერთო საგამომცემლო ინდუსტრიაში;

სექტორის სისტემური კვლევის ინდიკატორები (წიგნით ვაჭრობა):

  • წიგნით მოვაჭრეთა რაოდენობა;
  • წიგნით მოვაჭრეთა მოდელები და მათი რაოდენობები;
  • ინტერნეტ მაღაზიები;
  • სხვა ქსელები (მარკეტები, აფთიაქები და ა.შ.)
  • არასტრუქტურირებული გაყიდვის სისტემები;

საკითხები წიგნით ვაჭრობის სტრუქტურული ანალიზისთვის.

  • წლიური გაყიდვები:
  1. დასახელებების მიხედვით;
  2. ტირაჟების მიხედვით;
  3. ჟანრების მიხედვით;
  4. ქართველი და უცხოელი ავტორების მიხედვით;
  5. საცალო და საბითუმო რაოდენობების მიხედვით;
  6. ახალი და ხელახალი და ძველი გამოცემების მიხედვით;
  7. საბიბლიოთეკო შესყიდვების მიხედვით;
  8. სეზონურობის მიხედვით;
  9. საფესტივალო, საგამოფენო და ბაზრობის გაყიდვების მიხედვით;
  10. იმპორტული წიგნების მიხედვით
  11. არასაწიგნე ფართში გაყიდვების მიხედვით;
  12. ადგილმდებარეობის მიხედვით.
  • TOP ათეული ბესტსელერი ქართველი ავტორი, მხატვრულ ლიტერატურაში;
  • TOP ათეული ბესტსელერი უცხოელი ავტორი, მხატვრულ ლიტერატურაში;
  • TOP ათეული ბესტსელერი ქართველი ავტორი, არამხატვრულ ლიტერატურაში;
  • TOP ათეული ბესტსელერი უცხოელი ავტორი, არამხატვრულ ლიტერატურაში;
  • რეკლამის ზემოქმედება გაყიდვაზე (სტატისტიკა).

საერთაშორისო გაყიდვები:

  • საავტორო უფლებათა გაყიდვა;
  • ერთობლივი პროექტი.

კვლევისათვის აუცილებელი პირობაა მონაცემთა დამუშავებისას პარამეტრების მისადაგება ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლებთან. ასევე მიღებული მონაცემებიდან თანაკვეთადი და მომდინარე პარამეტრებით შედარებითი დიაგრამების შედგენა.

* რაოდენობრივი მაჩვენებლები ფინანსურ მაჩვენებლებადაც უნდა აისახოს.

წიგნის კითხვის შესახებ

ხშირად მსმენია, რომ „თანამედროვე ბავშვები“ წიგნებს არ კითხულობენ. ეს მცდარი მოსაზრებაა. ზოგადად  „თანამედროვე ბავშვი“საერთოდ არ არსებობს. ჩვენ გვიყვარს ყველაფრის განზოგადება. უბრალოდ არსებობენ ბავშვები, რომლებიც კითხულობენ და არსებობენ ბავშვები, რომლებიც არ კითხულობენ. მართებული იქნება კითხვა დაისვას ასე: რატომ კითხულობს ზოგიერთი „თანამედროვე ბავშვი“ და რატომ არ კითხულობენ  სხვები.

ხშირად, რაიმე  ძალიან პოპულარი აზრი მითი აღმოჩნდება ხოლმე, მაგალითად, მითი რომ არ არსებობენ კარგი, თანამედროვე, საბავშვო მწერლები. ასე რომ ამბავი არამკითხველი ბავშვების შესახებ, ასევე მითია. საბჭოთა დროს გასაშუალებული სტატისტიკური მშობლები და ბავშვები არსებობდნენ. სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები ნიველირებული იყო. ჩვენს დროში ბავშვებს შორის განსხვავება გაცილებით დიდია. და სოციალური მდგომარეობა საერთოდ არ ასახავს მიდრეკილებას კითხვის მიმართ.

თუმცა შეიცვალა სხვა რამ – მკითხველობითი სიტუაცია. ახლა გაცილებით მეტი საშუალებაა გართობისთვისა და ინფორაციის მიღებისთვის. კითხვა კი არც თუ ისე მარტივი პროცესია ამისათვის. წიგნის საკმაოდ რთულად კონსტრუირებული საგანია. განსხვავებით კინოსა და სერიალებისგან საიდანაც ინფორმაცია გამზადებული სახით მიეწოდება ადამიანს და არ საჭიროებს ინტელექტუალურ დამუშავებას. ამასთან წიგნების ფასიც გაიზარდა. გაჩნდა ინტერნეტი. საგამომცემლო ინდუსტრია ჩვეულებრივი ბიზნესის რანგში გადის, არანაირი ხელშეწყობა არ აქვს სახელმწიფოსგან. ასე რომ წიგნის კითხვის წინააღმდეგ რამდენიმე ფაქტორმა მოიყარა თავი. მიუხედავად ამისა ვერ ვიტყვი რომ ბავშვები საერთოდ არ კითხულობენ.

მაინც სად უნდა ჩამოუყალიბდეს კითხვის ჩვევა ადამიანს? პირველ რიგში – ოჯახში. სწორედ აქ ფორმირდება საწყისი ბაზა. ვერ მოვთხოვთ იმ ბავშვს კითხვას, რომელთანაც ოჯახში არ კითხულობენ ან არ აქვთ წიგნები. და მაინც თუ კი არსებობენ ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ კითხულობენ, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? პასუხი მარტივია – აუცილებლად უნდა შევუნარჩუნოთ კონტაქტი წიგნთან, თუ ინტელექტუალური არა, ფიზიკური მაინც. მისი თანდასწრებით დავალაგოთ წიგნები, შევთავაზოთ სტუმრებს საოჯახო ბიბლიოთეკის დათვალიერება, ხშირად მოვიყვანოთ წიგნი როგორც ამა თუ იმ ინფორმაციის წყარო. ისტორია გვასწავლის, რომ შეუძლებელია ადამიანის პროგნოზირება, ასე, რომ არ გაგიკვირდეთ თუ თქვენმა ბავშვმაც ერთ მშვენიერ დღეს გადმოიღოს წიგნი თაროდან და დაიწყოს კითხვა. გააკეთეთ ისე, რომ წიგნი არ იყოს „უცხო სხეული“ თქვენს ოჯახში.

უმთავრესი მაინც ის არის, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდეს კითხვის ჩვევა… იკითხოს ასოები, შეადგინოს მათგან სიტყვები, სიტყვებისგან წინადადებები, ჩასწვდეს მათ აზრს, მოიხმოს ფანტაზია და გახადოს ტექსტი სუბიექტური, მისთვის საინტერესო. სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ყურება მეტად დამღლელი და მოსაწყენი რამაა, თუმცა თუ კარგი რეჟისორი დაამონტაჟებს, შესაძლოა ხელოვნების ნიმუში შეიქმნას, სწორედ ეს არის სუბიექტივიზმი, სწორედ ობიექტური რეალობის მხატვრულ სუბიექტივიზმად წარმოსახვაა საინტერესო… სწორეგ იქ, სადაც ჩნდება ავტორის მიდგომა.

 

ბიბლიოთეკა

მეტად საინტერესო სემინარს დავესწარი მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში. ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ბევრის თქმა შეიძლება… ამჯერად მოკლედ მოგახსენებთ: იმ უხილავი ფრონტის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლოა განათლებული საქართველოს მომავლისათვის ომში რომ შეიქმნა. ფოტოებზე კი ექვთიმე თაყაიშვილის პირადი ბიბლიოთეკა და ის ქუდია, რომელსაც ნათლად ატყვია წისქვილის ქვის კვალი.

IMAG0032 IMAG0033 IMAG0034

23 აპრილი, წიგნის საერთაშორისო დღე

Bookmark Back Bookmark Front