მამუკა ხანთაძის ბლოგი

Home » ჩემი წერილები » წიგნის დიზაინი და გამოცემის კულტურა

წიგნის დიზაინი და გამოცემის კულტურა

Gudea of Lagash

გასაგებია, რომ გრაფიკა და წიგნი მონათესავე მოვლენებს წარმოადგენენ და მათი დაცალკევება შეუძლებელია. გრაფიკული, მხაზველობითი საწყისი ძალუმად სუფევს წიგნში და ხორცშესხმულს გვიჩვენებს თითქმის მთელ მის სულიერ შიგთავსს – გამოსახულებებით, სიმბოლოებით, ორნამენტებით, და, ბოლოს, თვით წიგნის შრიფტის ნიშნებითურთ. ილუსტრაციის ხელოვნება, ისევე როგორც შრიფტის ხელოვნება, გრაფიკის დარგია, და მათი ისტორია უაღრესად მჭიდროდ არის დაკავშირებული თვით წიგნის ისტორიასთან. მაგრამ გრაფიკა სულდგმულობს და ვითარდება წიგნის ფარგლებს გარეთაც, როგორც ნახატისა და გრავიურის თავისთავადი, დამოუკიდებელი ხელოვნება. მაგრამ სახვითი ხელოვნების ცალკე დარგად ფერწერისა და ქანდაკებასთან ერთად მისი ეს დამოუკიდებელი განვითარება იწყება შედარებით გვიან-აღორძინების ეპოქაში. ამ დროისათვის წიგნი, მაშინ ჯერ მხოლოდ ხელნაწერი, უკვე მრავალი საუკუნის ისტორიას ითვლიდა, რთული ტექნიკური და მხატვრული განვითარების გზა ჰქონდა გამოვლილი და წიგნის ხელოვნების მრავალფეროვანი და მაღალი ნიმუშებით ხასიათდებოდა.

მაგრამ აქვე უნდა განვმარტოთ, თუ რას ვგულისხმობთ ამ ტერმინად-“წიგნის ხელოვნებად”. ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ ასეთი ტერმინი არც იყო, ლაპარაკობდნენ მხოლოდ “წიგნში ჩაქსოვილ ხელოვნებაზე”. თითქოს, ეს ერთი და იგივეა, მაგრამ ელფერით განსხვავდებიან. იგულისხმებოდა, რომ წიგნი, არსებითად, არის ტექნიკური საგანი, გამზადებული ყალიბი: რომელიც მხატვარს გარედან, პოლიგრაფიული წარმოების სამყაროდან მისცეს. მისცეს, რადგან მხატვარს შესწევს უნარი, გაამდიდროს და გაალამაზოს იგი, შეიტანოს და განათავსოს წიგნში თავისი ნახატები, ნახჭები, ნიშნები, როგორც განათავსებენ მზა შენობაზე კედლების მოხატულობას და სურათებს. წიგნი მოიაზრებოდა არა როგორც ხელოვნების ერთიანი ნაწარმოები. არამედ მხოლოდ როგორც მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწარმოებების საცავი: გრაფიკული, ფერწერული, დეკორატიული ქმნილებების ალაგი.


ისინი, ყველანი ერთად, გვიქმნიან გარკვეულ წარმოდგენას, თუ რა სულისკვეთება სუფევდა იმ დროს, როდესაც წიგნი იქმნებოდა, როგორი იყო სტილი, რომლის ერთ-ერთ გამოხატულებადაც გვევლინება მის შედეგად წიგნი, გეგონება საკმარისიაო, მიუსადაგო გოტიკური ხელნაწერის არშიებს გაყოლებული ნახჭი არქიტექტურისა და გამოყენებითი ხელოვნების ორნამენტს, შეადარო სახვითი სივრცის აგებულება წიგნის მინიატურასა და კედლის მხატვრობაში, გამოავლინო: ბოლოს, შრიფტისა და დაკუთხული მოხაზულობის აშკარა მსგავსება არქიტექტურული და პლასტიკური ფორმის ზოგად თავისებურებებთან, რათა გოტიკური წიგნი შეერწყას თავისი ხანის მხატვრულ მოვლენათა წრეს, გოტიკური სტილის სისტემას.

მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით შევეხეთ მხოლოდ გოტიკურ სტილს გრაფიკისა, რომელიც იმხანად ჯერ არ იყო დამოუკიდებელი, ერთიანი წიგნის ხელოვნებისაგან ნაბარტყი და ცალკე გამოყოფილი. მაგრამ წიგნზე, როგორც ერთიან მხატვრულ ქმნილებაზე, მისი სტრუქტურის კანონზომიერებებზე, რომლებიც მნიშვნელობით ტოლს არ უდებენ გოტიკური ტაძრის სივრცეულ აგებულებას, ასეთი ანალიზი თითქმის არაფერს არ გვეუბნება. იმსჯელო წიგნზე მხოლოდ მისი ცალცალკე აღებული ორნამენტების, ილუსტრაციების, თუნდაც შრიფტების მიხედვით–იგივეა, რომ იმსჯელო მთლიანად ტაძრის არქიტექტურაზე ისე, რომ არ შეეხო არც მის გეგმას, არც მის კონსტრუქციებს, და თვალი მოგწყვიტოს მხოლოდ ჩუქურთმამ, კედლის მოხატულობამ, სვეტისთავების ხვიებმა და თახჩაში ჩადგმულმა ქანდაკებებმა.
წიგნის მხატვრული აგებულების ერთიანი, მთლიანი აღქმა საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ მისი ყველა ნიშნური, ორნამენტული და სახვითი ელემენტი არა იზოლირებულად, არამედ გარკვეულ კავშირში, ამ მთლიანობასთან–თვით წიგნთან, რომელსაც საკუთარი, საუკუნიდან საუკუნემდე ცვალებადი “არქიტექტურა” აქვს, მასთან კომპოზიციურ-სივრცეული, აზრობრივი და ფუნქციური თანაფარდობის სისტემაში. ისევე როგორც არქიტექტურა გარდაგვიქმნის გარემომცველ სივრცეს არა მარტო ჩვენი პრაქტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, არამედ ჰმატებს მას წესს, რიგს და ზომას, ანიჭებს მისი მეშვეობით გასაცხოვრებისებელ სამყაროს გარკვეულ აგებულებას და ხასიათს, შთაბერავს მას ემოციურ შინაარსს, ასევე წიგნის ხელოვნება აწესრიგებს და ასულიერებს წიგნის სამყაროს, ხორციელჰყოფს მას როგორც განსაკუთრებულ სულიერ სამყაროს, მკითხველისა და ტექსტის, მკითხველისა და წიგნის შინაარსის ურთიერთობის სფეროს, ხელშესახებსა და საგნობრივს ხდის მას.

ამიტომ, როდესაც წიგნის ისტორიას ვსწავლობთ, უწინარეს ყოვლისა, გვმართებს ყურადღება მივაპყროთ არა მარტო მისი ამა თუ იმ გრაფიკული ელემენტების სილამაზეს და თავისებურებებს, არამედ აგრეთვე, მის ზოგად აგებულებას, მთლიანობის სამხატვრო ორგანიზაციას. ეს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ გარკვეული სამხატვრო ღირსებები არა მარტო წიგნის საგამომცემლო საქმის გამორჩეულ ფერწერულ და ამ განსაკუთრებით მდიდრულ შედევრებში, არამედ აგრეთვე საქმიანსა და სადა, მოურთველ-მოუოჭველ მწიგნობრულ ძეგლებში.

როდესაც წიგნს განვიხილავთ მისი ამ “არქიტექტურული”, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ,-არქიტექტონიკული თვალსაზრისით, და მისი აგებულების თავისებურებებს ვუკვირდებით, ჩვენ უნდა აღვიქვათ იგი, უწინარესად, როგორც რაღაც საგანი, რომელიც წარმოადგენს ტექსტისა და მისი თანმხლები გამოსახულებების საცავს და გარკვეულწილად გვეხმარება მათს გამოყენებაში. წიგნი კონსტრუქციაა და მისი ყველა ტექნიკური მხარე – მასალების შერჩევა და დამუშავება, მათი ფიზიკური თვისებები-სიკარგე, წონა, ზედაპირთა ფაქტურა, ფერთა კონტრასტი,-არ გვტოვებს გულგრილს, განუყოფელ ნაწილად შედის ჩვენეულ აღქმაში წიგნის როგორც ხელოვნების საგნისა. და აქ ტოლს არ უდებენ ერთმანეთს თავიანთი მნიშვნელობით წიგნის ფორმატი-დიდია თუ პატარა (სულ სხვა სახეებია-მონუმენტური და ინტიმური), პროპორციები, დამზადების ხერხები-მანქანით თუ ხელით, თვით წიგნის ბლოკის რაობა, მისი თვისება, გაგვეშალოს ქაღალდის ფურცლების მარაოდ, და, რაღა თქმა უნდა, ამ კონსტრუქციის შესაძლო გართულებანი-სხვა ქაღალდის, მით უმეტეს, სხვა ფორმატის ჩართული ფურცლები, გასაშლელი ფურცლები, და სხვ. და მისთ. ყველა ამ თვალსაზრისით წიგნის ხელოვნება ყველაზე ახლოს დგას გამოყენებითს და სამრეწველო ხელოვნებათა ნაირგვარ სახეობებთან, რომლებიც ქმნიან ჩვენს საგნობრივ გარემოცვას მისი პრაქტიკული და იმავდროულად მხატვრული მხრიდან.

მაგრამ წიგნს ჩვენ აღვიქვამთ არა მარტო როგორც ნივთს, არამედ ასევე როგორც თავისებურ სივრცეს. გადავშლით რა წიგნს, ჩვენ “შევდივართ”, “ვიძირებით” მასში, “ვეძლევით მთელი არსებით”… რა თქმა უნდა, ყოველივე ეს მხოლოდ მეტაფორებია, მაგრამ ისინი ესატყვისება წიგნის ზოგიერთ რეალურსა და დიდმნიშვნელოვან თვისებას, რომლებიც კითხვისას ჩვენს ურთიერთობაში ვლინდება. ამ თვისებებს გარკვეულწილად აყალიბებენ მისი შემქმნელები და, უპირველეს ყოვლისა, მხატვარი. ისინი შეიძლება განვასხვავოთ და შევისწავლოთ.
ფიზიკური თვალსაზრისით, წიგნის “სივრცე” შეიძლება ორგანზომილებიანად ჩაითვალოს–ეს არის, პრინციპულად, ბრტყელი გადაშლილი გვერდების შლილების, ე.წ. განშლების სისტემა, რომლებიც კითხვისას ჩვენს თვალწინ ენაცვლებიან ერთმანეთს. ამ განშლებზე განსაზღვრული წესით არის განლაგებული ნიშნები და გამოსახულებანი. სწორედ ეს წესი წარმოადგენს წიგნის სივრცეულ ორგანიზაციას, მის კომპოზიციას იმ შესაძლო ვარიანტების მთელი მრავალფეროვნების მიუხედავად, რომლებიც წიგნში ამა თუ იმ კომპოზიციურ სისტემებს წარმოადგენენ, ეს წესი ყოველთვის მკაფიო და ჩამოყალიბებულია. მისი საფუძველია კოორდინატთა გეომეტრიულად მწყობრი სისტემა, რომელსაც ქმნიან ერთნაირი სწორკუთხა ფურცლების ვერტიკალური და ჰორიზონტალური შემონაჭრები და ყუის ნაღუნის ვერტიკალი-გადასაშლელი ფურცლების ბრუნვის ერთიანი ღერძი.
უფრო რთულად არის საქმე მესამე, ფურცლის სიბრტყისადმი პერპენდიკულარულ განზომილებასთან დაკავშირებით. იგი წიგნში მხოლოდ გონებაჭვრეტითად, ილუზორულად არის მოცემული, მაგრამ შეიძლება ასევე ძალზე ძლიერად იყოს გამოხატული და აქტიურად ახდენდეს გავლენას წიგნის კომპოზიციურ მთლიანობაზე. იგი წიგნში შეაქვთ უმთავრესად სხვადასხვა გამოსახულებებს, რომლებსაც ახასიათებთ თავიანთი განსაკუთრებული სივრცეული აგებულება, რომელიც მეტნაკლებად ეთანადება წიგნის ზოგად სივრცეს. სამგანზომილებიანობის ელფერი დაჰკრავს აგრეთვე პლასტიკურ გამომხატველობას, რომელიც არასახვითს ნიშნებს ახასიათებს.

erasmus adagia

წიგნის სივრცე ორგანიზებულია როგორც გზა, ქმნის გარკვეულ პირობებსა და ნიშანსვეტებს ამ გზით მოძრაობისათვის. მკითხველის ყურადღების ზონა მიუყვება ტექსტის სტრიქონებს, გადადის ტექსტიდან ილუსტრაციებზე და ბრუნდება უკან. ამ გზაზე, ფურცლებზე არსებული სიბრტყისა და გრაფიკის სივრცეული რეალობის მეშვეობით მკითხველი სწვდება მათი შინაარსის სამყაროს. ამის მეოხებით წიგნის სივრცე გვევლინება გონებაჭვრეტითი და ხატოვანი სივრცის შემცველად და, გარკვეულწილად, მოდელად, იმიტომ, რომ პირველში გადანაცვლება ნიშნავს მეორის გავლასაც. კითხვის დინამიკა განსაზღვრავს წიგნის სივრცის ასიმეტრიას, მის მიზანმიმართულობას თავიდან ბოლომდე. მასში მოძრაობა ეწყობა გარკვეული რიტმით, ტექსტის დანაწევრებით, პაუზებით, სათაურებით, ტექსტისა და ილუსტრაციების მონაცვლეობით.
ზემოთ დასახელებული წიგნის არქიტექტონიკური ღირსებები, მთელი მათი სამხატვრო სიმდიდრის მიუხედავად, შეიძლება თითქმის სულაც არ იყოს დამოკიდებული მისი ტექსტის შინაგან ღირსებებზე, მის სტილზე, ხასიათზე, შინაარსზე-წიგნის ხელოვნების ბევრმა ეპოქამ დაგვიტოვა ბრწყინვალე ძეგლები, რომლებიც გამსჭვალულია თავისი დროის სულისკვეთებით, მკაფიოდ განასახიერებენ მის სტილს მაგრამ ოდნავადაც ვერ გამოხატავენ მათში მოქცეული თხზულებების კონკრეტულ შინაარსს. მხოლოდ უკანასკნელი ერთნახევარი – ორი საუკუნის მანძილზე, გამოცემების რაოდენობისა და ლიტერატურის ჟანრების, თემების, დანიშნულებისა და სახეობების მრავალფეროვნების ზრდასთან ერთად, წიგნის იერს მეტნაკლებად დაეტყო ჯერ ერთი, მისი კუთვნილება ამა თუ იმ გამოცემათა წრისადმი (მაგალითად, ლექსების კრებული უკვე სხვაგვარად გამოიყურება, ვიდრე სახელმძღვანელო), და მეორეც კონკრეტული ნაწარმოების დამახასიათებელი ნიშნები. ასეთი წიგნი გახდა თავისი ტექსტის ერთგვარი “პორტრეტი” რაღაც თვალსაზრისით-მისი რეკლამა, და გამოხატავდა მის შეფასებას, წიგნის გამომცემლისა და მხატვრის დამოკიდებულებას ამ ტექსტისადმი. არა მარტო ილუსტრაციები (წიგნის შიგნით მოთავსებული თუ ყდაზე, გარეთ გამოტანილი), არამედ მისი ყველა სხვა, ზოგჯერ წმიდა წყლის ტექნიკური ელემენტი (მასალა, ფერი, შრიფტები, ფორმატი, გაკეცვა, კერვა) თანდათან მეტნაკლებად მიგვანიშნებს, თუ რა ხასიათის არის მოცემული წიგნი. მის ნებისმიერ დეტალს ახლებურ ელფერს და აზრს სძენს ის გარემოება, რომ იგი შეიძლებოდა არსებითად ნაირგვარი ყოფილიყო სხვა შინაარსის, სხვა ხასიათის წიგნში.

ასე წარმოიშობა ტექსტის-წიგნის წაკითხვაში, აღქმასა და შეფასებაში მხატვრის ჩარევის შესაძლებლობების, გზებისა და ფარგლების ინტერპრეტაციის პრობლემა. ეს ჩარევა შეიძლება იყოს დელიკატური და ფაქიზი, რომელიც არ ხელყოფს მკითხველის დამოუკიდებლობას, ანდა, პირიქით, იყოს გადამჭრელი, თვითონ დასვას მკვეთრი აქცენტები იქ, სადაც მიიჩნევს საჭიროდ. იგი შეიძლება მიმართული იყოს ტექსტის სხვადასხვა მხარისადმი-სიუჟეტის, ემოციური წყობის, სტილისტიკის, განყენებული იდეების მიმართ. მან შეიძლება შეისხას ხორცი-მთლიანად ან უმთავრესად-წიგნის ფორმის სხვადასხვა ელემენტსა და თავისებურებაში.
ყოველივე ზემონათქვამი ჩვენ გამოგვადგება საფუძვლად, როდესაც შეისწავლით წიგნის როგორც სივრცეული ხელოვნების განსაკუთრებული სინთეზური სახეობის ნაწარმოების ისტორიას. საქმე სულ მუდამ გვექნება წიგნის სტრუქტურის სტილურ, ე.ი. წმიდა მხატვრულ ასპექტებთან. მაგრამ ისინი როდია ერთადერთი ან თუნდაც მთავარი ფაქტორი, რომელიც აყალიბებს ნებისმიერი ეპოქის წიგნის სპეციფიკურ სახეს. მასზე გამუდმებით აქტიურად ზემოქმედებენ ტექნოლოგიური და ეკონომიკური მიზეზები, გამოსაქვეყნებელი ლიტერატურის შინაარსი და დანიშნულება, რომლებიც ძნელად ეთანადებიან ერთმანეთს და ახასიათებენ წიგნის გამოყენების მოცემული დროისათვის დამახასიათებელ ვითარებას, მის გავრცელებასა და ა.შ. მაგრამ ყველა ეს ფაქტორი თავისთავად არ არის მხატვრული, არ უპირისპირდება წიგნის ხელოვნების სტილს ჩვენეული გაგებით, შედის მასში როგორც, რაღაც წინასწარ განსაზღვრული პირობა, რომელიც ექვემდებარება მხატვრულ გააზრებასა და გამოხატვას.
აი, რატომ ვერ შეიზღუდება წიგნის ხელოვნების სტილის შინაარსობრივი ანალიზი თავისი უშუალო საგნის-წიგნის განცალკევებული შესწავლით. იგი გარდაუვალად მოიცავს თავისი გაგების წრეში აგრეთვე წიგნის წარმოების სფეროს მისი ისტორიული განვითარების თითოეული ეტაპის ყველა თავისებურებითა და შესაძლებლობითურთ-შუასაუკუნეების დინჯი გადამწერის მაღალი ხელობიდან თანამედროვე პოლიგრაფიის უკანასკნელ სასწაულებამდე. ასეთი ანალიზი უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე საზოგადოებრივი ყოფიერებისა და წიგნის დანიშნულების გარკვეულ პირობებს. აკი იმის კვალობაზე, შედიოდა იგი საღვთისმსახურებო თუ საქმედე საგნების წყებაში, განკუთვნილი იყო ზნეობრივ-დიდაქტიკური მიზნებისა, თუ მეცნიერული მეცადინეობისათვის, მიზნად ისახავდა მაღალი ესთეტიკური განცდების აღძვრას, თუ ემსახურებოდა მხოლოდ გართობას და თავის შექცევას, – ძირეულად იცვლებოდა მისი სახე და სტრუქტურა, რიტმი და სივრცეული აგებულება. ფუნქციის შეცვლა ცვლიდაწიგნის მორთულ-მოკაზმულობას, უკვე სხვაგვარად განსაზღვრავდა დასურათხატების ხერხებს, ტექსტისადმი გრაფიკის დამოკიდებულებას.
ამასთან, სხვადასხვა ეპოქებისათვის, სხვადასხვა სტილისათვის ლიტერატურის ესა თუ ის სახეობა ხდებოდა განმსაზღვრელი, გარდაუვალად პოულობდა სრულ სამხატვრო ხორცშესხმას წიგნის სტრუქტურაში და ავრცელებდა თავის გავლენას მწიგნობრული ხელოვნების ზოგად ხასიათზე. ამრიგად, ჩვენ მოგვიწევს განვსაზღვროთ წიგნის-მაგიურის, საღვთისმსახურებოს და რელიგიურ-დიდაქტიკურის, სამეცნიეროსა და ტრიუმფულ-პანეგირიკული წიგნის ბატონობის პერიოდები, აგრეთვე თვალი გავადევნოთ წიგნის მხატვრული დიფერენციაციის განვითარებას, წიგნის ხელოვნების ჟანრთა რთული სისტემის გაჩენას წიგნის მაყალიბებელი ლიტერატურის ჟანრებისა და სახეობების შესაბამისად.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: