მამუკა ხანთაძის ბლოგი

Home » ჩემი წერილები » წიგნის პოლიტიკა

წიგნის პოლიტიკა

როცა წიგნიერებაზე საუბრობენ, ორი რამ მახსენდება – ილია ჭავჭავაძის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ და პინქ ფლოიდის „კედელი“.  ერთი, როგორც განათლებული საზოგადოებისკენ მიმავალი მძიმე გზის სიმბოლო  და მეორე, როგორც  საქართველოს მთავრობ(ებ)ის სიმბოლო ამ გზაზე.

შესაძლოა, გამომცემლის პოზიცია წიგნის სახელმწიფო პოლიტიკის საკითხზე ვინმემ სუბიექტურად მიიჩნიოს, მაგრამ რა ვუყოთ კაცობრიობის ისტორიაში გენიოსებად შერაცხულ ადამიანთა მოსაზრებებს ამ საკითხზე. და საერთოდაც, წიგნის მნიშვნელობაზე საუბარი და რაიმე ახსნა-განმარტების მიცემა ამასთან დაკავშირებით მკრეხელობად მიგვაჩნია 21-ე საუკუნეში. თუმცა რამდენიმე ფაქტის მოხმობა მაინც მომიწევს სწორედ ამ სუპერინფორმაციულ საუკუნეში „მოღვაწე“  ქართველი ჩინოვნიკებისა და პოლიტიკოსებისთვის.

უპირველეს ყოვლისა, რა არის წიგნი? 

სალექსიკონო განმარტებით – წიგნი –  1. ადამიანის ნაფიქრ-ნააზრევის შენახვისა და გადაცემის საშუალება დროსა და სივრცეში რაიმე გამძლე მასალაზე დაფიქსირებით. 2. არაპერიოდული, ჩვეულებრივ, ნაბეჭდი ტექსტის შემცველი ერთად აკინძული ფურცლები, გამოცემა, რომლის მოცულობა აღემატება 48 გვერდს; ფართო მნიშვნელობით – დამწერლობის, გრაფიკის, კარტოგრაფიის ნაწარმოებთა დაფიქსირებისა და გადაცემის საშუალება დროსა და სივრცეში. წიგნი  წარმოადგენს ინფორმაციის, ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის მნიშვნელოვან წყაროს, პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის იარაღს. („საგამომცემლო განმარტებითი ლექსიკონი“, ვ.დოხნაძე, 252 გვ., გამომცემლობა „აზრი“, 2001 წელი). მაგრამ ამასთან, წიგნს, როგორც კომუნიკაციის საშუალებას, სულიერ, საგანმანათლებლო და კულტურულ მნიშვნელობასთან ერთად ინდუსტრიულ-კომერციული ასპექტებიც აქვს. ამ ორი ფაქტორის გაერთიანების შედეგი პარამეტრთა კომპლექსური სისტემაა, რაც წიგნის უნიკალურობას განაპირობებს.

ვინ ამზადებს წიგნს?

წიგნს ამზადებს (ანუ გამოსცემს) გამომცემელი (Publisher, Издатель). გამომცემელი ასრულებს სამ ძირითად ფუნქციას:  1. იგი წყვეტს, თუ რა წიგნი გამოსცეს; 2.აფასებს ამ გადაწყვეტილებასთან არსებულ ფინანსურ რისკებს; 3.ორკესტრის დირიჟორის მსგავსად, ახდენს ყველა იმ პირის საქმიანობის კოორდინაციას, ვინც წიგნის წარმოებაში მონაწილეობს – ავტორი, მთარგმნელი, ილუსტრატორი, დიზაინერი, რედაქტორი, კორექტორი, სტილისტი, მესტამბე, ამკინძველი, რეკლამის სპეციალისტი, დისტრიბუტორი და სხვ. გამომცემელი არის ჰიბრიდი, როგორც კენტავრი: ერთი მხრივ, იგი განათლებული პიროვნებაა, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე კულტურულ ცხოვრებას; ამასთანავე, იგი ბიზნესმენია, რომელიც აგვარებს დაფინანსების, ინვესტიციებისა და მოგების პრობლემებს. ამიტომაცაა წიგნის გამოცემა ასეთი მრავალმხრივად რთული  და ნიუანსებით სავსე. გამომცემელი თითქმის ყოველთვის იტოვებს უფლებას ( და ეს უფლება მას სიამოვნებას ანიჭებს), განსაზღვროს წიგნის ფორმა, კომპოზიცია, დაკაბადონება, ილუსტრაცია; იგი არჩევს შრიფტსა და ქაღალდის ხარისხს – მოკლედ, ყველაფერს, რაც წიგნის საბოლოო სახესა და ფასს განსაზღვრავს.

დაბოლოს, რა არის წიგნის სახელმწიფო პოლიტიკა.

წიგნის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ წიგნები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამის მისაღწევად კი გათვალისწინებული უნდა იყოს კულტურულ, ინდუსტრიულ და კომერციულ ურთიერთობათა კომპლექსური ჯაჭვი, რომელიც ავტორსა და მკითხველს ერთმანეთთან აკავშირებს. წიგნისა და კითხვის პოლიტიკის ფორმულირებისთვის საჭიროა: ცალკეული ამოცანის იდენტიფიცირება და მოწესრიგება, რაც ამ ჯაჭვში თითოეული რგოლის სპეციფიკიდან გამომდინარეობს; ქვეყნის მდგომარეობის გათვალისწინება; საგანმანათლებლო და კულტურულ პოლიტიკათა შორის წონასწორობის ფაქიზი დაცვა; საგამომცემლო სექტორის ინდუსტრიული განვითარება. ერთი მხრივ, წიგნის პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფოს კულტურულ პოლიტიკას და მეორე მხრივ, წიგნის წარმოებისა და დისტრიბუციის ინდუსტრიას, როგორც ეკონომიკურ კატეგორიას.

რეალური სურათი ჩვენთან.

ერთი შეხედვით, ჩვენთან ყველაფერი რიგზეა. არსებობს კულტურის სამინისტროს მთარგმნელობითი პროგრამა, რომელიც ქართული ლიტერატურის უცხოეთში პოპულარიზაციას ისახავს მიზნად; არსებობს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი (მისი მიზნები და ამოცანები დიდწილად პირდაპირ კერძო სექტორის   საქმიანობათა დუბლირებაა და აუცილებელ კორექციას მოითხოვს); არსებობს მწერალთა სახლი, სადაც უფასოდ იმართება წიგნების პრეზენტაციები; არსებობს სხვადასხვა მოკლევადიანი პროგრამა. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ანტურაჟია. მხოლოდ ზედაპირული მიდგომაა.

აბა, რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოში არც ერთი გამომცემელი არ არის შეყვანილი; რომ თავიდან, რამდენიმე  ხნის წინ შექმნილ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ ჯგუფში ვერც ერთი  გამომცემელი ვერ მოხვდა, მხოლოდ უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად მიაღწიეს ამას კოლეგებმა; რომ სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ საქართველოს კანონის მიღებისას  გამომცემლებს საერთოდ არ ჰკითხეს აზრი მათსავე პროდუქტის შესახებ  (პარლამენტმა ფაქტობრივად საბჭოთა კანონი მიიღო, სადაც საკუთრების ფორმა მთლიანად უგულებელყოფილია); რომ განათლების სამინისტრომ უაპელაციოდ და, შეიძლება ითქვას, თავხედურად შეზღუდა გამომცემელთა კონსტიტუციური უფლება საკუთრებაზე; რომ კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჩინოვნიკების (2013 წ.) გამოისობით ჩავარდა 3 წლის განმავლობაში მომზადებული, 150.000 ევროს ღირებულების, პროექტი  ცენტრალიზებული სადისტრიბუციო ქსელის შექმნის შესახებ (ჰოლანდიელი პარტნიორები ძალიან გაოცებულნი დარჩნენ ამ ფაქტით); რომ წლების განმავლობაში  გამომცემელთა მიერ შექმნილი და ფეხზე დაყენებული საერთაშორისო პროექტები უბრალოდ ჩამოერთვათ მათ (ეს ეხება ლონდონისა და ლაიფციგის წიგნის ფესტივალებს); რომ წლიდან წლამდე მზარდი და გამრავალფეროვნებული თბილისის წიგნის ფესტივალის ბიუჯეტს ამცირებენ (ფესტივალი იზრდება, გამოყოფილი თანხა კი იგივე რჩება) და კიდევ ბევრი რომ.  არადა, აგერ უკვე 20 წელიწადია, გამომცემლები ზედმეტი ხმაურის გარეშე ინდუსტრიას ქმნიან. ქმნიან დიდებულ წიგნებს, ყოველდღიურად ახარებენ მკითხველს. და ყველაფერი ეს უზარმაზარი ძალისხმევის ფასად, ძალისხმევისა, რომლის დიდი ნაწილი სწორედაც რომ სახელმწიფოს მიერ დადებული სარმების გადალახვას  ემსახურება.  სინამდვილეში სურათი კიდევ უფრო მძიმეა. კულტურის სამინისტროში მცირე  რამ მაინც ხდება (თუმცა მისი აქტივობა უსისტემოა და ზოგად პოლიტიკას ვერ ქმნის), რასაც ვერ ვიტყვით სხვა სამინისტროებსა თუ სახელმწიფო სამსახურებზე. წიგნის პოლიტიკის სრული სიმძიმე კულტურის სამინისტროსა და მის სსიპ-ებზეა „აკიდებული“.

გამოსავალი.

წიგნის პოლიტიკის კონკრეტულ ფორმაში ჩამოყალიბების ყველაზე ეფექტიანი გზა  შემადგენელი ელემენტების ერთ იურიდიულ ინსტრუმენტად შეკვრაა. ასეთი ინსტრუმენტი წიგნის შესახებ კანონია.თავისთავად, პოლიტიკა, განსაზღვრების თანახმად, კეთდება უმაღლეს სახელმწიფო დონეზე კულტურული და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიმღებთა მიერ, წიგნის სექტორის მენეჯმენტთან კონსულტაციის გზით. პოლიტიკური სურვილი, რომ საგამომცემლო სექტორი განვითარდეს, იურიდიულ ვალდებულებაში უნდა აისახოს.

სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი წიგნის სახელმწიფო პოლიტიკის მახასიათებელია და გარკვეულწილად მისი წარმატების აუცილებელ პირობას წარმოადგენს (რაც არ ესმით ჩინოვნიკებს). სექტორის შეფასების შედეგებიც კი, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა საფუძვლის ფორმირებას ახდენენ, არსებულ სიტუაციას ნათელს ჰფენენ იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ნდობა და თანამშრომლობა არსებობს.

და კიდევ  ერთი  იდეა.

წიგნის შესახებ კანონი შესაძლოა გახდეს წიგნის ეროვნული საბჭოს  დაარსების წინაპირობა. საბჭო უნდა შედგებოდეს ერთი მხრივ – წიგნის სექტორის წარმომადგენელთაგან და, მეორე მხრივ – სახელმწიფო ორგანოებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წიგნის პოლიტიკაზე. ამ საბჭომ უნდა იმოქმედოს, როგორც მრჩეველთა ორგანომ. უნდა უზრუნველყოს საზოგადოებისა და კერძო სექტორების მუდმივი კავშირი და შეინარჩუნოს მოქნილობა, რათა ქვეყნის ცვალებად ეკონომიკურ და კულტურულ ვითარებას მოერგოს.

თუ სასწრაფოდ არ იქნა გადამჭრელი ზომები მიღებული, 2018 წლის შანსი, ქართული წიგნისა და ზოგადად კულტურის პოპულარიზაციისა მსოფლიოში რამდენიმე ათწლეულით გადაიწევს.

მაგრამ რად გინდა… შეაყარე წიგნი კედელს.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: