მამუკა ხანთაძის ბლოგი

Home » ჩემი წერილები » კითხვის ჩვევა

კითხვის ჩვევა

დამწერლობის წარმოშობა და შესაბამისად კითხვის თვისების გამომუშავება განსაკუთრებული მომენტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. მკითხველი ადამიანი (Homo legens) რამდენიმე ათასწლეულია უკვე არსებობს: თავიდან მნემონიკური ნიშნები, პიქტოგრამები, პეტროგლიფები რომლებიც დასრულებულ აზრს გამოხატავდნენ; შემდეგ შუმერული, ეგვიპტური, ხეთური და სხვა დამწერლობები; შემდეგი საფეხური – მარცვლოვანი ტიპის დამწერლობები: ლურსმლური(ძველსპარსული, აქადური და შუმერულის სხვა შთამომავლები), დასავლეთსემიტური (ძველეგვიპტური იეროგლიფების გაგრძელება) და 2 იაპონური მარცვლოვანი სისტემა (ჩინური დამწერლობიდან წარმოქმნილი); და ბოლოს გრაფიკული ევოლუციის გვირგვინი – კონსონენტური დამწერლობა, ანბანური დამწერლობის დედა. მიუხედავად ანბანური დამწერლობის აბსოლუტური დომინანტისა დედამიწაზე, პიქტოგრამები დღემდე გამოიყენება ჩვენს ცხოვრებაში, მაგალითად ბოკალის გრაფიკული გამოსახულება შეფუთვაზე აღნიშნავს, რომ ყუთში მსხვრევადი ნივთია.

ზეპირსიტყვიერების შემდეგ, ინფორმაციის კოდირების შესაძლებლობა სიმბოლოებში, შემდეგ მათი დეკოდირება და გადაცემა, უმთავრესი ნაბიჯია დაგროვილი გამოცდილების გასაზიარებლად. კითხვის უნარი ხშირად იყო პოლიტიკური, სამეცნიერო თუ კულტურული რევოლუციების მიზეზი.  წერილობითი და გამოსახულებითი ინფორმაციის  რაოდენობა, რომელსაც დღის განმავლობაში,  „გავატარებთ“ ჩვენში, ხშირად იმაზე დიდია ვიდრე კაცობრიობის ისტორიის პირველ ათასწლეულებში შეიქმნა. ჩვენ უზომოდ მდიდრები და თავისუფლები ვართ, სწორედ კითხვის უნარის გამო. და ამის მიუხედავად, დამწერლობის მრავალათასწლოვანი ისტორიის მიუხედავად, რაღაც მიზეზების გამო, იოლად ვამბობთ უარს მხატვრული ლიტერატურის კითხვაზე.

როცა არ კითხულობენ უფროსები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დაფიქრებული გადაწყვეტილებაა, გამოწვეული კონკრეტული ადამიანის ცხოვრების სტილითა და მის გარშემო ჩამოყალიბებული ვითარებით (თუმცა ეს გამართლება არ არის). კითხვისადმი ინტერესი შეცვალა თავისუფალი დროის გატარების სხვა საშუალებებმა : კინო, ტელევიზია, ინტერნეტი. და ხშირად როცა ასეთ ადამიანს ეკითხებიან რატომ არ კითხულობო, პასუხობს – დრო არ მაქვსო. ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა და ძნელია აუხსნა ადამიანს განსხვავება უბრალოდ მიღებულ ინფორმაციასა და მხატვრული ტექსტის კითხვისას მიღებულ სიამოვნებას შორის. და დარწმუნებული ვარ ასეთი ახსნა ბავშვობაში უნდა მოხდეს. სწორედ ბავშვობიდანვე უნდა ჩაისახოს კითხვის ჩვევა.

თუმცა აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით. ბავშვები ხშირად ამბობენ, და მათი მშობლები და მასწავლებლები იმეორებენ, რომ კითხვა ძალიან სასარგებლო და აუცილებელი რამ არის, თუმცა მათ არ აქვთ კითხვის სურვილი. ეს სურვილი შესაძლოა გააქრო განათლების ცუდმა სისტემამ, ძალდატანებამ, წიგნების არასწორად შერჩევამ, მშობლების ცუდა მაგალითმა, სწრაფი კითხვის ჩვევის უქონლობამ. კიდევ ერთი ნიშანდობლივი პრობლემაა, ისეთი ლიტერატურა (რთულია ამას ლიტერატურა უწოდო) სადაც მასალა გადმოცემულია მოკლე ჩანაწერების, დაიჯესტების სახით, სადაც ბავშვის მაგივრად უკვე ათასჯერ იფიქრეს. ამ პრობლემათა დიდ ნაწილს ძალიან კარგად „ებრძვის“ წაკითხული წიგნის განხილვა: ინფორმაციის გაცვლა განცდებზე, გმირებზე, ახალ ფრაზებსა თუ სიტყვებზე, ეპოქასა და თუ სივრცეზე. სწორედ ამ დროს უნდა ვუამბოთ ბავშვებს იმის შესახებ, რომ წიგნით შექმნილი ატმოსფერო აიძულებს ჩვენს შინაგან მხედველობას იდენტიფიცირება გაუკეთოს მსგავსებას საკუთარ „მე-სა“ და ნაწაროების გმირს შორის, მსგავსებას ქმედებებსა და ქცევებს შორის. ამიტომ არის აუცილებელი წიგნის სრულად წაკითხვა, არავინ იცის სად „აღმოაჩენს“ ბავშვი საკუთარ თავს.

არსებობს ერთი მიდგომა: განათლების მისაღებად, საკვალიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად, სამსახურის მისაღებად ან კარიერისთვის, უბრალოდ ინტელექტუალური კამათებისთვის აუცილებელია ერუდიცია, ანალიზის უნარი, ფაქტების კონსტატაცია, არასტანდარტული აზროვნება… ეს ყველაფერი კი, სამეცნიერო, სასწავლო, პროფესიული ლიტერატურის კითხვით შეიძლება მიიღო. თუმცა არსებობს მეორე მიდგომაც და მე მას ვემხრობი. პრაგმატული მიდგომა  რამდენიმე უმნიშვნელოვანეს რასმეს გვაკარგვინებს -სულიერ განვითარებას, თანაგრძნობას, ზნეობრიობას. ბავშვისთვის აუცილებელია გაერკვას ცხოვრებისეულ ღირებულებებში, ქმედებებსა და ქცევებში ამოიკითხოს ადამიანთა ხასიათი მათი გრძნობები, შესძლოს წარმოსახვის განვითარება.

ნორმალურ ადამიანს სჭირდება, ცხოველური ინტერესით წაკითხული წიგნი, არა რომელიმე ამოცანის გადასაჭრელად, არამედ მხოლოდ „თავისთვის“, მხოლოდ საკუთარი გულისა და გონებისთვის.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: